English / ქართული / русский /
მადონა გელაშვილი
Covid-19, როგორც არსებული გლობალური საფრთხე

ანოტაცია: Covid-19 (კორონალური ვირუსი) საკმაოდ რთული გამოწვევა და ძლიერი საფრთხე აღმოჩნდა არა მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის სისტემისათვის, არამედ გლობალური ეკონომიკისათვისაც. 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ვუჰანში გაჩენილი ვირუსი რამდენიმე თვეში პანდემიად იქცა და მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი  ნეგატიური ეფექტი შეუქცევადი გახადა. ცხადია, საკმაოდ რთულია ზუსტი პროგნოზების გაკეთება იმ ეკონომიკური გავლენების შესახებ, რომელსაც მსოფლიოში პანდემიური პროცესი და ქვეყანებში არსებული ეპიდემიური სურათი მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე.

საკვანძო სიტყვები: გლობალურიეკონომიკა,ეკონომიკურიზრდა, რისკები, ინვესტიციები, უმუშევრობა. 

შესავალი 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბევრი  ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელშიც გაანალიზებულია ის ნეგატიური ზემოქმედება გლობალურ ეკონომიკაზე, რომელიც  COVID-19 ვირუსის პანდემიითა გამოწვეული. მით უფრო, რომ ეს რთული გამოწვევა და მნიშვნელოვანი საფრთხეა არამხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვისათვის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვისაც. თავდაპირველი შოკის შემდგომ უფრო აქტიურად დაიწყო პანდემიის შედეგად გამოწვეული რეცესიის შედეგების გაანალიზება. ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რა გავლენას მოახდენს ეს პროცესები მსოფლიო ეკონომიკაზე, გეოპოლიტიკაზე, სოციალურ ურთიერთობებზე, უმუშევრობის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული კვლევები და ანგარიშები პანდემიის გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე არაერთგვაროვნად აფასებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები განსხვავებულია, ძირითადად მთავარ ეკონომიკურ დარტყმებს მიიღებენ ის ქვეყნები, რომლებშიც COVID-19-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აღინიშნებოდა, შემდეგ ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკებიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ტურიზმზე, ნავთობისა და სხვა საქონლის ექსპორტზე, ამის შემდგომ კი ნეგატიური ზეგავლენა მათი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებზეც აისახება. სწორედ აღნიშნული საკითხების გაანალიზებას შევეცდებით მოცემულ სტატიაში. 

კორონავირუსის გავლენა და ძირითადი გამოწვევები 

კორონავირუსის პანდემია და მის აღსაკვეთად განხორციელებული საკარანტინო ზომები დრამატული და  შოკისმომგვრელი აღმოჩნდა  გლობალური ეკონომიკისათვის, რის შედეგადაც იგი ღრმა რეცესიაში აღმოჩნდა. მსოფლიო ბანკის ანალიზით, 2020 წლის პლანეტის ეკონომიკა 5,2% -ით შემცირდა. ეს ყველაზე ღრმა შემცირებაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და 1870 წლის შემდეგ ქვეყნების უდიდეს ნაწილში ყველაზე მასშტაბური კლებაა ერთ სულ მოსახლეზე პროდუქციის რაოდენობისა. ამის შესახებ საუბარი  ჯერ კიდევ მსოფლიო ბანკის 2020 წლის ივნისის მოხსენებაში აღინიშნებოდა.

ძლიერი შოკის ფონზე, რომელიც გავლენას ახდენს შიდა მიწოდებასა და მოთხოვნაზე, ვაჭრობასა და ფინანსებზე, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობა გასულ წელს 7%-ით შემცირდა. განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში  2,5%-ით,  ეს არის პირველი ყოვლისმომცველი რეცესია ამ ჯგუფის ეკონომიკებში სულ მცირე სამოცი წლის განმავლობაში. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი  3,6%-ით შემცირდა - და ეს მილიონობით ადამიანს უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდებს.

ყველაზე მეტად დაზარალდნენ ის ქვეყნები, სადაც პანდემიამ განსაკუთრებულად რთული ვითარება გამოიწვია მისი გავრცელებიდან გამომდინარე, ამის შედეგად კი, შემოღებულ იქნა საკმაოდ მკაცრი რეგულაციები. საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული მსოფლიო ვაჭრობაზე, ტურიზმზე, საქონლის ექსპორტზე და საგარეო დაფინანსებაზე. მიუხედავად იმისა, რომ შოკის სიდიდე განსხვავდება რეგიონიდან რეგიონში, ყველა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს აქვთ საკუთარი სისუსტეები, რაც კიდევ უფრო მძაფრდება გარე შოკებით. უფრო მეტიც, სასკოლო სწავლებისა და პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის დარღვევამ, შესაძლოა, ხანგრძლივი ნეგატიური გავლენა მოახდინოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე [Gelashvili M., 2017: 4].

მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო ექსპერტების პროგნოზი ემყარება დაშვებებს, რომ პანდემიის შედეგად გამოწვეული რეცესია დაძლეული იქნება,  რომ უარყოფითი გლობალური ზემოქმედებები შესუსტდება მიმდინარე წლის მეორე ნახევარში და ფინანსური ბაზრების მოშლა დიდხანს არ გაგრძელდება. მათი აზრით 2021 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა აღდგება და 4.2%-ს მიაღწევს - ხოლო მოწინავე ეკონომიკაში ეს იქნება 3.9%, ხოლო განვითარებადი ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება 4.6% -მდე. ამასთან, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პერსპექტივა ძალზე გაურკვეველი და ბუნდოვანია არსებული უარყოფითი რისკების ფონზე, მათ შორის გაფართოებული პანდემია, რაც მის მესამე ტალღას უკავშირდება და ახალი შტამები, რომელთა გავრცელების შესახებ სულ უფრო მძიმე ინფორმაციას ვღებულობთ, ძნელია ვენდოთ აღნიშნულ პროგნოზებს.  თუ მოვლენები პესიმისტური სცენარის შესაბამისად განვითარდება, მაშინ  ექსპერტთა გარკვეული ნაწილი კვლავ მსოფლიო ეკონომიკის შემცირების ტენდენციაზე საუბრობს [Gourinchas P., 2020: 6].

გასულ წელს აშშ-ს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, ევროზონაში 9%-ზე მეტად, ეს ყველაფერი ეპიდემიის შედეგია, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა ბიზნესის საქმიანობაზე. შემცირებულია იაპონიის ეკონომიკაც, ქვეყანაში განხორციელებული პროფილაქტიკური ზომების შედეგად შემცირდა ეკონომიკური აქტივობა 6,1%-ით.

”COVID-19“ პანდემიით გამოწვეული რეცესია მრავალი თვალსაზრისით უნიკალურია და, სავარაუდოდ, ყველაზე ღრმაა. მსოფლიო ბანკის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების შემსწავლელი დეპარტამენტის დირექტორის შეფასებით, მიმდინარე მოვლენებმა უკვე გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზის უპრეცედენტო ქვევითი გადასინჯვა, რაც უპრეცედენტოა სისწრაფისა და სიმკვეთრის თვალსაზრისით. „წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გადავხედოთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შემდგომ დაღმასვლას, რაც გულისხმობს, რომ შესაძლოა პოლიტიკოსები მზად იყვნენ, რომ მიიღონ დამატებითი ზომები ბიზნესის საქმიანობის სტიმულირებისთვის” - აღნიშნა აიჰან ქოსემ. მსოფლიო ბანკის ანგარიშში „მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები“, განხილული და გაანალიზებულია ამ ისტორიული ეკონომიკური შოკის ძირითადი ასპექტები. რამდენად ღრმა იქნება COVID-19 პანდემიით გამოწვეული რეცესია, როგორია ეკონომიკური ზრდის შესაძლო სცენარები: ეკონომიკური ზრდის ტემპის მოკლევადიანი პროგნოზები ხასიათდება უჩვეულოდ მაღალი გაურკვევლობით და შესაბამისად განიხილება ალტერნატიული სცენარები [შენგელია თ., 2020: 5].

  • · რამდენად ამძაფრებს არაფორმალური ეკონომიკის არსებობა პანდემიის გავლენას? პანდემიას, სავარაუდოდ, უფრო მავნე ზეგავლენა ექნება დიდი არაფორმალური ეკონომიკის მქონე ქვეყნების ჯანდაცვასა და ეკონომიკაზე. ყველაზე მძიმედ ეს შედეგები აისახება ღარიბი ქვეყნების ხალხებსა და ეკონომიკაზე.
  • · გაურკვეველია მაკროეკონომიკური შედეგები ცალკეულ რეგიონზე: თითოეულ რეგიონს აქვს საკუთარი სისუსტეები, რაც მას დაუცველს ხდის პანდემიისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისებისგან;
  • · მნიშვნელოვანია გლობალური ხასიათის საწარმოო-სარეალიზაციო ჯაჭვში როგორი იქნება პანდემიის შოკისმომგვრელი გავლენა სავაჭრო, საწარმოო და ფინანსურ ბაზრებზე;
  • · პანდემიის ზემოქმედებით გამოწვეულმა ღრმა რეცესიამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გრძელვადიანი ინვესტიციების მკვეთრი შემცირება, ადამიანური კაპიტალის ამოწურვა უმუშევრობის შედეგად, ხელი შეუშალოს გლობალურ სავაჭრო და მიწოდების კავშირებს;
  • · ნავთობის დაბალი ფასები, რომლებიც დადგენილია მოთხოვნის უპრეცედენტო შემცირებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეამსუბუქებს პანდემიის შედეგებს, მაგრამ გარკვეულწილად შეუძლია ხელი შეუწყოს ეკონომიკის აღდგენას.

პანდემიამ ხაზი გაუსვა ჯანდაცვისა და ეკონომიკური პოლიტიკის რეაგირების აუცილებლობას, მათ შორის გლობალურ თანამშრომლობას მისი გავლენის შესამსუბუქებლად. დაუცველი მოსახლეობის დასაცავად და ქვეყნების შესაძლებლობის განმტკიცების მიზნით, მომავალში მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად და მათთან გამკლავებაში მეტად მნიშვნელოვანია განვითარებული ქვეყნების თანადგომა და მათი ძალისხმევა კრიზისული სიტუაციების განეიტრალების საკითხში.  განვითარებადი ეკონომიკები განსაკუთრებით მოწყვლადია და მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, არაფორმალური ეკონომიკის მოგვარება და შეზღუდული სოციალური უსაფრთხოების ქსელები, რეფორმების განხორციელება არსებული კრიზისის შემდეგ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. 

პანდემიის გავლენა გლობალურე კონომიკაზე 

განვითარებად ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ საკმარისი საბიუჯეტო შესაძლებლობები და შეუძლიათ დაფინანსების მოზიდვა მისაღები პირობებით, შეიძლება განიხილონ დამატებითი სტიმულირების ზომების დანერგვა, თუ პანდემიის შედეგები შენარჩუნდება. ამ ზომების მიღება ფისკალური სისტემის გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. აუცილებელია შიდა რესურსების მობილიზება, ხარჯვის ეფექტურობის გაზრდა და გამჭვირვალობა ფისკალურ და სასესხო გარემოში. მთავრობის ყველა ფინანსური ვალდებულების, კვაზი – სესხის ინსტრუმენტებისა და ინვესტიციების გამჭვირვალობა არის ერთ – ერთი ძირითადი პირობა მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის ფორმირებისთვის.

რეგიონების მიხედვით პანდემიის შედეგად გამოწვეული შედეგებია:

-  აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანე – რეგიონში ეკონომიკური ზრდა 2020 წელს 0,5%-მდე შემცირდა, რაც 1967 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი დონეა, რაც ასახავს პანდემიასთან დაკავშირებულ შოკებს;

-  ევროპა და შუა აზია– პროგნოზით, რეგიონის ეკონომიკა 4,7%-ით შემცირდა და რეცესია თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო;

-  ლათინური ამერიკა და კარიბები–პანდემიის შოკისმომგვრელმა გავლენამ გამოიწვია რეგიონში ეკონომიკური აქტივობის ღრმა შემცირება, 2020 წელს - 7,2%-ით;

-  შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა–შუა აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში ეკონომიკური აქტივობა 4.2%-ით შემცირდა, რაც გამოწვეულია პანდემიითა და ნავთობის ბაზრებზე ვითარებით;

აზია – ეკონომიკური აქტივობა რეგიონში 2.7%-ით შემცირდა 2020 წელს, რადგან პანდემიის შედეგად მოხმარების შემცირებისა და მომსახურების სექტორის მუშაობის შეზღუდვის ზომები, სამომავლო რისკები და გაურკვევლობა აიძულებს კერძო ინვესტიციებს შეამცირონ აქტივობა;

-   აფრიკა–2020 წელს რეგიონში ეკონომიკური აქტივობის 2.8%-იანი შემცირებაა, რაც აქამდე არსებული ყველაზე მკვეთრი შემცირებაა.

რა თქმა უნდა შესაძლებელია გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ, რომლებიც ლოგიკურად გამომდინარეობს ჩვენი დროის გამოწვევებისა და მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების ქმედებების რელევანტურიდან გამომდინარე.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, თებერვალში, ჩინეთის ეკონომიკის საქმიანობაში ნელი ზრდა შეიმჩნეოდა. ბლუმბერგის თანახმად, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში ჩინეთის ეკონომიკა მუშაობდა ნორმალური დონის 65% და 75%-ით. ეკონომიკამ შეძლო წარმოების ზოგიერთი დანაკარგის ანაზღაურება.  COVID-19-ის გლობალური ეკონომიკური ზემოქმედება ნამდვილად მეტია ვიდრე SARS-ის 2002 – 2003 წლების ეპიდემია (ისიც ჩინეთში დაიწყო). ეს, პირველ რიგში, იმითაა გამოწვეული, რომ ჩინეთის ეკონომიკის წილი მთელ მსოფლიო ეკონომიკაში ახლა 20%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2003 წლის მაჩვენებელს [BaldwinR., 2020: 10].

მეორე, ჩინეთის ეკონომიკა ახლა უფრო მჭიდრო კავშირშია მსოფლიოს სხვა ეკონომიკებთან, ვიდრე ეს იყო 10 ან 20 წლის წინ. მრავალი ქვეყნისთვის ჩინეთი დღეს არის:

  • მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი;
  • ტურიზმის წყარო;
  • შუალედური საქონლის მიმწოდებელი.

წლების განმავლობაში, საერთაშორისო ბიზნესის არეალი სულ უფრო დაქუცმაცდა და გავრცელდა მთელ მსოფლიოში, ჩინეთი კი გახდა მსოფლიოს ”ქარხანა”. მაგალითად, სამომხმარებლო ელექტრონიკის უდიდესი ნაწილი (მობილური ტელეფონები, ლეპტოპები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა) დამზადებულია ჩინეთში, ისევე როგორც ავტომობილების ნაწილები, ნედლეული გარკვეული წამლებისთვის და ა. შ..

იმის გამო, რომ ჩინეთში წარმოება მნიშვნელოვნად შენელდა ვირუსის აფეთქების გამო, ბევრი საქონელი მიუწვდომელია სხვადასხვა ქვეყნის მეწარმებიისთვის და ბიზნესი იძულებულია გააგრძელოს საქმიანობა საკუთარ რესურსებზე დაყრდნობით. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ამ საქონლის მომარაგების ნაკლებობა, მით უფრო სავარაუდოა, რომ თაროები ცარიელი იქნება და ყოველივე ეს გამოიწვევს სავარაუდოდ ფასების ზრდას, რასაც მომხმარებლები იგრძნობენ თავიანთ ჯიბეებზე. იგი ასევე შეაჩერებს წარმოებას ქარხნებში, რომლებიც იყენებდნენ შუალედურ საქონელს ჩინეთიდან.  შეჯამების მიზნით უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ღირებულების ჯაჭვი, რომელშიც ჩინეთი გადამწყვეტ როლს ასრულებს, მკვეთრად ირღვევა COVID-19-ის აფეთქების გამო და მოსალოდნელია უარყოფითი ეკონომიკური შედეგები მთელ მსოფლიოში, რაც დღეისათვის უკვე სახეზეა.

გარდა ამისა, კორონავირუსით გამოწვეულმა საერთაშორისო ვაჭრობის დარღვევამ, სავაჭრო დაძაბულობის დამანგრეველმა შედეგებმა და ჩინეთმა, შეიძლება აიძულოს საერთაშორისო ბიზნესი დივერსიფიკაცია გაუწიოს წარმოებას მრავალ ქვეყანაში, ისეთებში როგორიცაა ტაილანდი, მალაიზია და ვიეტნამი. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ეფექტები მხოლოდ დროთა განმავლობაში გამოჩნდება.

განვითარებადი ქვეყნები, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კვლავ განიცდიან ვირუსის ეპიდემიის ყველაზე უარყოფით შედეგებს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უმეტესობა ძლიერ არის დამოკიდებული ჩინეთზე და ასევე ფიზიკურად განიცდის გავრცელებული პანდემიის რისკს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი, სხვა საკითხებთან ერთად, უკავშირდება მოსახლეობის სიმჭიდროვის ზრდას და ნაკლებად განვითარებულ სამედიცინო მომსახურებას, ვიდრე დასავლეთის ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საავადმყოფოების საწოლებისა და ექიმების საშუალო რაოდენობა 1000 ადამიანზე, შესაბამისად, 0.7 და 1.5-ია, ევროკავშირის 5.6 და 3.6-ის შედარებით [OECD, 2020:14].

გარდა ამისა, განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც ორიენტირებულია ნედლეულის ექსპორტზე, როგორიცაა ბრაზილია (რკინის მადანი, ზეთი, სოიო), რუსეთი (ნავთობი და გაზი) ან ჩილე (სპილენძი), განიცდიან ძირითადი საექსპორტო პროდუქციის შემოსავლის შემცირებას, ფასები უმეტეს საქონელზე ვირუსის აფეთქების შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა.

ზეწოლის ქვეშ არიან განვითარებადი ქვეყნების ვალუტებიც, რადგან ინვესტორები ამცირებენ თავიანთ საინვესტიციო პორტფელის რისკს მსოფლიოში ნეგატიური განწყობილების გამო და, შესაბამისად, გარკვეულწილად ამცირებენ მათი წილის რაოდენობას განვითარებად ქვეყნებზე. ვალუტის დევალვაცია სერიოზული პრობლემაა, რადგან იმპორტირებული პროდუქტები მნიშვნელოვნად ძვირდება (სავაჭრო პირობების გაუარესების გამო). ასევე მნიშვნელოვნად რთულდება სავალუტო სესხის მომსახურება, რაც პრობლემაა, მაგალითად, არგენტინის, თურქეთის, უკრაინისთვის, არაფერს ვამბობთ ჩვენ ქვეყანაზე, სადაც ეს პრობლემები მეტად მწვავედ დგას ეროვნული ვალუტის მკვეთრი ვარდნის პირობებში. მსოფლიო ექსპერტების ვარაუდით მოსალოდნელია, რომ განვითარებადი ქვეყნების ვალუტა და სასაქონლო ფასები მოძრაობა გააგრძელებს მომდევნო პერიოდშიც, რაც რა თქმა უნდა  COVID-19-ის საერთო უარყოფითი განწყობის შედეგია [Shengelia T., 2020:7].

ჩინეთში დაწყებულმა ეპიდემიამ ძალზედ სერიოზული სირთულეები შეუქმნა სამყაროს ყველა ქვეყანას, სადაც COVID-19 მძიმე შედეგებით განვითარდა და იმათაც, სადაც დაავადებულთა რაოდენობა შედარებით მცირეა. აქ მთავარი გავლენა არის ჩინეთის ეკონომიკური შოკი. მაგალითად, ვირუსის დაუცველობა და შიში აიძულებს ხალხს გადადონ არდადეგები და მოერიდონ ადგილებს, სადაც დიდი რაოდენობით ხალხი იკრიბება. ბიზნესი აუქმებს ღონისძიებებს, უკრძალავს თანამშრომლებს  მოგზაურობას. ამიტომ ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სექტორები: ტრანსპორტი, ავიამგზავრობა და სტუმართმოყვარეობა.

საკმაოდ სერიოზული გამოწვევა    ფინანსური არასტაბილურობა. ეს, პირველ რიგში, ეხება ქვეყნებს, სადაც კორპორატიული სესხის დონე სწრაფად იზრდებოდა (მაგალითად, შეერთებული შტატები) ან რომლებიც უკვე დაუცველები იყვნენ (მაგალითად, იტალია). თუ ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები სერიოზულად გააუარესებენ საკრედიტო პორტფელის ხარისხს, არსებობს საშიშროება, რომ COVID-19 კრიზისმა შეიძლება ფინანსური კრიზისის გამოწვევაც კი გამოიწვიოს. ეს არ არის რისკის სცენარის ნაწილი და მისი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ცენტრალური ბანკები და მთავრობები მიიღებენ საჭირო, პროაქტიულ, მტკიცე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილებები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეიცავდეს მიზნობრივ ფინანსურ ზომებს, მაგალითად, გრძელვადიანი რეფინანსირება ქვეყნების ცენტრალური (ეროვნული) ბანკების მიერ.

დასკვნა 

ამრიგად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ეკონომიკა უკვე რეცესიაშია, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის გავლენა ეკონომიკურ საქმიანობას სულ უფრო ზღუდავს და ნეგატიურ გავლენას ახდენს. ეჭვი აღარ არსებობს, რომ პანდემიის წინააღმდეგ მხოლოდ გლობალური, გაფართოებული ბრძოლა გამოიღებს შედეგს.  ამას ადასტურებენ ექსპერტთა უმრავლესობა, რომლებიც თანხმდებიან, რომ სიტუაცია შეიძლება სწრაფად კონტროლდებოდეს და ვირუსის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ ხანმოკლე, SARS ვირუსის ანალოგიით, რომელიც 2003 წელს მოხდა. მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდა დასტაბილურდება, თუ ამ სცენარს საბაზისოდ მივიღებთ, როგორც ამას ანალიტიკოსების უმეტესობა აკეთებს, გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე იქნება ნეგატიური, მაგრამ შეზღუდული. ამასთან, ეკონომიკურ პროგნოზში მთავარი საკითხი რჩება კვლავ რეცესიის სიღრმე და ხანგრძლივობა, რომელიც 2021 წელს მნიშვნელოვნად უნდა შენელდეს. აქ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროს აქტიური დახმარება და ეპიდემიის წინააღმდეგ საყოველთაო ვაქცინაციით ბრძოლა, რაც მისცემს საშუალებას ქვეყნებს შეამცირონ რეგულაციები და ბიზნესმა შეძლოს მთელი რესურსული პოტენციალის გამოყენება.

 ამჟამინდელი კრიზისი საკმაოდ ღრმა კვალს დატოვებს და დიდ გლობალურ პრობლემებს გამოიწვევს, ამიტომ ნომერ პირველი გამოწვევაა ჯანმრთელობის გლობალური და მეტად რთული ეკონომიკური მდგომარეობის გადალახვა. ამის შემდეგ, მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა, რომ მოძებნოს ეკონომიკის მაქსიმალურად სწრაფად და მდგრადი აღორძინების გზები, რათა ხელი შეუშალოს სიღარიბისა და უმუშევრობის შემდგომ ზრდას. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. Gelashvili M., 2017. „Innovative Human Capital and its development characteristics“, SSU IV international-practical conference, collections. Tbilisi „Homeland“.

2. შენგელია თ.,  გლობალური ეკონომიკის რეცესია და საქართველოს პოსტვირუსული განვითარება. ჟ. ეკონომიკა და ბიზნესი № 1, 2020.

3. შენგელია თ., კორონავირუსის მსოფლიო გეოგრაფია და საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივები. III ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები.“ თბ., 2020.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი (2020), წლიურიანგარიში, ISSN 1512-1739.

5. Shengelia T., 2020. The post-coronavirus economy of the world and Georgia. // Economic and Business № 12.

6. OECD (2020), Employment rate by age group (indicator). doi: 10.1787/084f32c7-en (Accessed on 23 October 2020).

7. Carlsson-Szlezak, Philipp, Reeves, M., & Swartz, P. (2020, March 27). Understanding the Economic Shock of Coronavirus. Harvard Business Review. hbr.org

8. Baldwin, R. (2020, March 13). Keeping the lights on: Economic medicine for a medical shock. VoxEU.Org

9. Gourinchas, P.-O. (2020). Flattening the pandemic and recession curves. Mitigating the COVID Economic Crisis: Act Fast and Do Whatever.

10. Baker, S. R., Bloom, N., Davis, S. J., & Terry, S. J. (2020). COVID-Induced Economic Uncertainty (Working Paper No. 26983; Working Paper Series). National Bureau of Economic Research. https://doi.org/10.3386/w26983

11. Coibion, O., Gorodnichenko, Y., & Weber, M. (2020b). The Cost of the Covid-19 Crisis: Lockdowns, Macroeconomic Expectations, and Consumer Spending (Working Paper No. 27141; Working Paper Series). National Bureau of Economic Research.